Wednesday, October 15, 2014

სვანური ცეკვა


სვანური ენა

სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი)

სვანური ტრადიციები და კერძები

  • სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით.  სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არგააკარებდნენ სოფლის ნახირს”. განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.

სამართლის საქმე

 სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკებისპროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.

  • ერთ-ერთი ასევე ძველისძველი ტრადიციაა: “სისხლის აღება”. სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ.
  • ლამპრობა
ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
  • ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება,რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.



  • ლიფანალი
  • ლიფანალი, ახალი წლის ციკლის დღესასწაული სვანეთში. იმართებოდა მიცვალებულთა სულების პატივსაცემად. ლიფანალი იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა რამდენიმე დღეს. მორწმუნეთა წარმოდგენით მიცვალებულთა სულები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებოდნენ და მათ „გასამასპინძებლად“ საწესო სუფრას იხდიდნენ. სუფრაზე ყველაფერი იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ასაკის მიცვალებულისათვის. მათი გულის მოსაგებად სვანები ართობდნენ მუსიკით, ალამაზებდნენ სახლსა და კარ-მიდამოს. ლიფანალის დღეებში სპეციალური წმინდა ფქვილისა და ნაცრის ხსნარით სახლის კარებზე, კედლებზე, საქონლის სადგომის ტიხარზე, კიდობნებზე და ა. შ. თითით გამოჰყავდათ ადამიანთა, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა თუ სასარგებლო ნადირის სილუეტური თუ ხაზოვანი გამოსახულებანი და ასტრალურ-კოსმოგონიური ნიშნები. ამ მხატვრობის სტილი, ტექნიკა, თემატიკა თუ გამოყენებული მასალა პრიმიტიულია. ლიფანალის დღეების დასრულებისას მიცვალებულთა სულებს დიდი პატივისცემით გააცილებდნენ ხოლმე და თან ჯანმრთელობას, საქონლის გამრავლებასა და მოსავლის სიუხვეს ევედრებოდნენ.
  • ლიფანალის რიტუალები არქაულ წარმოდგენას ემყარება, რომელთა თანახმად მიცვალებულებს შეეძლოთ ცოცხალთა ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა და ღვთაებათა წინაშე შუამდგომლობა. იგი ასევე უკავშირდება შეხედულებებს, ბუნების ძალთა აღორძინების შესახებ და ამიტომ მოექცა ახალი წლის დღესასწაულთა ციკლში, რომლის წარმმართველი იდეა სწორედ მზის მობრუნება და ნაყოფის მიმნიჭებელ ძალთა განახლება იყო. მსგავსი დღესასწაულები წლის სხვადასხვა დროს საქართველოს მრავალ კუთხეშია დამოწმებული.
  • სვანური  კერძები

  • ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ – გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური – პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ – სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ – ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი – სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება. 
    თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ. 
    სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან 



    სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.



Monday, September 29, 2014

სვანური ქუდის დამზადების კურსი

სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ–ერთი ყველაზე და დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი ჩვეულებრიც ნაცრისფერია და შავი ხაზები აქვს, ხაზებს ქუდზე ჯვრის ფორმა აქვთ და სვანური მისალმებას გამოხატავენ – „დაე ჯვარი გფარვიდეთ“. კურსის გავლის დროს თქვენ მეტს გაიგებთ სვანური ქუდის შექმნის ტრადიციებზე. კურსის ბოლოს ყველა მიიღებს საკუთარ სვანურ ქუდს. კურსებზე რეგისტაცია ხდება სასტუმროში, მინიმუმ 2 დღით ადრე.

ვიდეო კლიპი რომელშიც ნახავთ სვანურ ქუდებს:

სვანური სამზარეულო

ართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა.
ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან
სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.


სვანური სუფრა